Tuesday, June 21, 2011

საცდელი პროექტი

„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვრასა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს“

კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა

        გვარი საზოგადოების ერთ–ერთი უნიკალური, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ფენომენია, ადამიანთა უშუალო და განსაკუთრებული ურთიერთობის ისეთი ფორმა, როცა წინაპრებთან საზიარო სისხლის სინდრომი მამაპაპათა შეურყვნელი სინდის – ნამუსის ყოვლისშემძლე ძალა გვევლინება ერთმანეთთან დაახლოების, ერთმანეთის გვერდით დგომის, სულერი და ზნეობრივი შეკავშირების გარანტად.

        გვარი წარსულის ცოცხალი მატიანეა, მას განსაკუთრებული მიშვნელობა ენიჭება ერის ისტორიის შესასწავლად.  „ყოველი კაცისათვის დიდად სასურველი არის, რომ იცოდეს ნამდვილი ისტორიით თავისი გვარ – ტომის შთამომავლობა, თუ ვინ იყო მისი წინაოართა მამამთავარი, სად ცხოვრობდა, ვინ ჰყავდათ გმირნი თუ მეფეები, რა სარწმუნოებამ დააჯილდოვა ისინი, რა ენაზე ლაპარაკობდა, რა შედეგი მიეცა მის შთამომავლობას, ვისთან? როგორ? ან რა მდგომარეობა მიიღეს წარსამატებელი და როგორ ცხოვრობდნენ ქვეყანაზედა?!“

 „ქართლის ცხოვრებიდან “ მოტანილ ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება.

        გვარ – სახელების ისტორიას მეცნიერთა ფართო წრე სწავლობს, რამეთუ ისტორიული და ეთნოგრაფიული ფენომენია.

        გვარ – სახელების ისტორიის კვლევა – ძიების უტყუარი წყაროა საისტორიო და საეკლესიო დოკუმენტები, არქივში დაცული მასალები მოსახლეობის კამერული აღწერის მონაცემები, ქართული სამართლის ძეგლები.

        ერთ დროს გვარი არ არსებობდა და ადამიანების ერთმანეთისგან გამოსარჩევად მარტო სახელიც კი საკმარისი იყო.  მაგრამ შრომის დანაწილება, მოსახლეობის ზრდა მრავალრიცხოვან კოლექტივებად ჩამოყალიბება აუცილებელს ხდიდა არა მარტო იმის ცოდნას თუ რა ქვია ამა და ამ პირს, არამედ რა ხელობის კაცია, ვისი შთამომავალია, სადაურია და ა.შ. ამრიგად სახელის გვერდით გაჩნდა კიდევ მეორე, დამატებითი სახელი, რომელიც აზუსტებდა პიროვნების ვინაობას.

        ქართული გვარები ერთ–ერთი უძველესია მსოფლიოში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგრისში გვარები არსებობდნენ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიაგიად გამცხადებამდეც.

        აღსანიშნავია, რომ გრდა საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და რუსეთისა სხვა რესპუბლიკების ხალხებს საბჭოთა ხელიისუფლებამდე მუდმივი გვარები არ ჰქონდათ. ქართველი მეცნიერების მტკიცებით გვარი საყოველთაო–სავალდებულო დაკანონების პროცესი, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ აქართველოში მიმდინარეობდა 13–14 სს–ში. საქართველოს ისტორიის პირველ ათასწლეულში მხოლოდ ორად–ორი გვარია ცნობილი, 9 ს–ში ბაღვაში და 10 ს–ში მარუში, ორივე ლაზური გვარია.

        ამ მოკლე ექსკურსის შემდეგ შევეხები  უპირველესად, გასარკვევია კვარაცხელიების პირველი საცხოვრისის, სადაურობის საკითხი. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა პ. ინგოროყვას მიერ 1941 წელს გამოცემული საისტორიო ძეგლები. ამ წყაროს 125 გვერდზე, კერძოდ მაოს თემის სულთა მატიანეში მოიხსენიება ვინმე მიქელ კუარაცხელიანი.

        შეაძლებელია, რომ კვარაცხელიების წინაპარი ყოფილიყო სვანი კუარაცხელიანი, რომელსაც სამეგრელოში მოეკვეცა ბოლო „ნ“, როგორც ამას ვარაუდობენ ს. ჯანაშია და ჯ. ონიანი.

        არსებობს კიდევ ერთი, 1992 წელს ჩაწერლი მასალა, რომელიც ეკუთვნის ჩხოროწყუში მცხოვრებ კლიმენტი კვარაცხელიას, როგორც იგი აღნიშნავს, კვარაცხელიების წინაპრები სოფ. ჯგალიდან არიან, მაგრამ გადმოვიდნენ სვანეთიდან.

  ამავე აზრს იზიარებს სერგი მაკალათიაც.

        კვარაცხელიების საგვარეულოსთან დაკავშირებით ასეთი ზეპირი გადმოცემაც არსებობს. კერძოდ, კვარაცხელიების გვარს უკავსირებენ კვარას ციხეს, რომელიც რაჭაში მდებარეობდა. კვარას ციხის პირველი მეციხოვნე ყოფილა კვარაცხელია. ამ ციხის მეიხოვნისთვის რომ გეკითხათ, საიდან ხარო? ის გიპასუხებდათ – „მე კვარაციხელი“ ვარო, ე.ი. კვარაცხელია.

        კვარაცხელიების გვარი მითითებულია სამეგრელოს, კერძოდ, ხობის (ხეთა) ღვთისმშობლის ეკლესიის ერთ–ერთ დოკუმენტში, რომელიც, 1550 წლით არის დატარიღებული. მასში ნათქვამია, რომ ვინმე კუარაცხელიას თხელწყალიძგას მცხოვრებს, ემართა ამ ეკლესიის 20 თეთრი.

        ლევან დადიანის დის  – მარიამის, ქართლის მეფის როსტომის მეუღლის მზითვის წიგნში ნათქვამია, რომ მარამს მზითვად გააყოლეს მოლარე პატია კვარაცხელია.

        კვარაცხლიების გვარი მოიხსენიება გვიანი შუა საუკუნეების ოდიშის სამთავროს საბუთებში, კერძოდ, სამეგრელოში, საუფლისწულოს სამანჩოს მამულებში.

        იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა კვარაცხელიების პირველსაცხოვრისი სვანეთში ყოფილიყო? სვანური ვარიანტი ალბათ უფრო სავარაუდოა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ინტენსიური მიგრაციული პროცესების პირობებში კვარაცხელიების გვარი სამეგრელოდან, პირიქით სვანეთში გადასულიყო. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კვარაცხელიები ოდითგან მესაქონლეები იყვნენ. სვანურ წარმომავლობას ერთგვარად საეჭვოდ ხდის ის მოტივიც, რომ დღეს ამ გვარის არც ერთი წარმომადგენელი სვანეთში არ ცხოვრობს.

  არსებობს ლეგენდა კვარაცხელიაების შესახებ რომელიც თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული.

        ერთხელ თამარ მეფე თავისი ამალით სვანეთიდან მოდიოდა. წინ დახვდათ ორ მწკრივად მდგარი მეომრები, რომლებიც მეფეს გზას უნათებდნენ ანთებული კვარებით (კვარი ნაძვის ტოტია, რომელიც კარგად იწვის) მეფე ჩამოქვეითდა ცხენიდან, მიუახლოვდა ერთ წარმოსადეგ ვაჟკაცს და ხელი გაუწოდა. მან თავი დახარა მეფის წინაშე და კვარი გაუწოდა. მეფემ გამოართვა კვარი, მაგრამ მისმა ნაზმა ხელებმა ვერ გაუძლო ანთებული კვარის სიმხურვალეს და გაუვარდა – ამ ვაჟკაცმა კვარი ჰაერში დაიჭირა, მაშინ თამარმა თქვა „კვარი ცხელია“ და მისცა ვაჟკაცს კვარაცხელიას გვარი.

        რათქმაუნდა ამ ლეგენდას არსებობის უფლება აქვს, როგორც სხვა დანარჩენს.

        კვარაცხელიას გვარის ერთი ნაწილი, რომლებიც აფხაზებად იწოდებოდნენ, გუდაუთას რაიონში ცხოვრობს. ისინი წარმომავლობით ქართველები არიან. დურიფშელი კვარაცხელიასთან შეხვედრაზე ერთმა უხუცესმა აღნიშნა, რომ მათ წინაპარს წალენჯიხაში თავადი მოუკლავს. ამის შედეგად რამოდენიმე ძმა იქიდან გამოქცეულა, დურიფშში დასახლებულან, ამ სოფლის ქალები შეურთავთ ცოლად და იქ დარჩენილან საცხოვრებლად. სხვათაშორის ეს არაა გამონაკლისი. გარდა კვარაცხელიისა დღევანდელ აფხაზთა შორის ბევრია ძირძველი, ქართული წარმოშობის გვარი: ლაგვილავა, ახვლედიანი, აბაშიძე, წერეთელი, ჭავჭავაძე და სხვ.

        აფხაზი და ქართველი კვარაცხელიების შეხვედრები ავად მოსაგონარ ტრაგედიამდე ხშირად ეწყობოდა. ცხადია ამან გავლენა იქონია აფხაზეთისა და სხვა დანარჩენი კვარაცხელიაების ურთიერთობაზეც.

        კვარაცხელიების გვარის სათავე და შორეული წარსული ბურუსით არის მოცული. ზეპირი გადმოცემის მიხედვით, მისი უძველესი წინაპარი წალენჯიხის ლაკადისპირა სოფლებში – ჯგალსა და ნაკიფუში დასახლებულა. როდის მოხდა ეს კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ აქ, სამეგელოს ამ თვალწარმტაც ადგილებში დაირწა გვარის აკვანი. აქედან დაიწყო მისი ისტორია და სამომავლო სვლა. ღვთითკურთხეული გვარი – კვარაცხელია დღეს საქვეყნოდ არის ცნობილი.

        კვარაცხელიას გვარი ხშირად ასოცირდება სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგთან – მეჯოგეობასთან, თუმცა იგი მხოლოდ ერთი სახელოვანი ფურცელია გვარის ბიოგრაფიისა, რომელიც უშუალოდ არის გაკავშირებული კონკრეტილ ისტორიულ პირობებთან და შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე გვარიშვილთა აქტივობის ერთ–ერთ თვალსაჩინო გამოვლინებად.

        როცა შეიქმნა კარგი ნიადაგი, სწავლა–განათლებისა და ადამანთა მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის, გვარმა შეძლო უნარიანად გამოეცადა საკუთარი ძალები, შედეგიც სახეზეა.ძნელია დღეს მოინახოს ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფერო, სადაც კვარაცხელიას გვარის შვილები არ ამბობდნენ თავიანთ მოკრძალებულ სიტყვას.                          

        სერგო პერტაია კვარაცხელიების შესახებ წერს ,,ცნობილია, რომ მეფეები და წარჩინებულთა ოჯახები მრავალ შვილს აჩენდნენ, ჰქონდათ შესაძლებლობა და იმიტომ. ღარიბებსაც ჩვეოდათ მრავალშვილიანობა. არისტოკრატია და საშუალო ფენა ამ მხრივ ცოტა თავშეკაბვებულია. კვარაცხელიები მაღალ წოდებას არ ეკუთვნიან, მაგრამ ეტყობა ძლიერი გენის, ჯიშის წარმომალობისანი არიან, ამ გონიერ და კუნთმაგარ გვარს შეეძლო სხვებზე უკეთ ეშრომა და სარჩო–საბადებელიც საკმარისი მოეპოვებინა. იოლი საქმე არ იყო მეჯოგეობა, მთაგორაზე ხეტიალი, სადაც უამრავ ხიფათს შეიძლებოდა გადაჰყროდა კაცი, მაგრამ კვარაცხელიები მაგას არ უშინდებოდნენ.კვარაცხელია ჩემთვის საკუთარი გვარის ტოლფასია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კვარაცეხლია იყო დედაჩემი, არამედ 80წელს მღწეულ კაცს, ამ გვარის ბევრი სახელოვანი წარმომადგენელი მახსოვს. ამიტომაც, არა მარტო ცალკეული პიროვნება, არამედ მთლიანად გვარია ჩემთვის თაყვანსაცემი.“

        გვარის რიცხვმრავლობა ძირითადად განაპირობა ამან, რომ სახლიკაცები არ ერიდებოდნენ მრავალი შვილის გაჩენას. პირიქით, ვარსკვლავბიჭუნებისა და თუთაცირა გოგონების შეძენა ოჯხებში დიდ სიხარულსა და აღტაცებას იწვევდა.

       

 

 

        საინტრესოა გვარის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში არსებულ გვართა შორის.

სამეგრელოში მეგრულ გვართა შორის რიცხვმრავლობით კვარაცხელიას გვარი პირველ ადგილზეა. გვარიშვილთა პირველი ხუთეული წარმოდგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:

1 –  კვარაცხელია   10196      

2 –  შენგელია          5944         

3 –  ფიფია                 5606       

 4 – თოდუა             5504                

5 –  შონია                 5220

        საქართველოში 13618 კვარაცხელიაა, აქედან

წალენჯიხაში 4352,

ზუგდიდში 3533,

თბილისში 1666,

ჩხოროწყუში 770,

 ხობში 522,

ფოთში 361,

სენაკში 345 

რაოდენობის მხრივ კვარაცხელიას გვარი საქართველოში მეექვსეა.

 

1.       ბერიძე               24747

2.       კაპანაძე             18550

3.       გელაშვილი      17995

4.       მაისურაძე         16516

5.       გიორგაძე          14582

6.       კვარაცხელია    13618

 

კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა. 

ვ ა – რ ა ც ხ ე ლ ი ა.  

რ ა – ც ხ ე ლ ი ა.  

ა – ც ხ ე ლ ი ა.  

ც ხ ე ლ ი ა.  

ხ ე ლ ი ა.  

ე ლ ი ა.  

ლ ი ა.  

ი ა. 

 

 

 

ბერია და კვარაცხელიაები

        გარკვეულ ინტერესს იწვევს ლ.ბერიას წარმომავლობის, მისი კვარაცხელიაებთან სიახლოვისა და ურთიერთობის საკითხი, მითუფრო, როცა, ეს სიახლოვე დაკავშირებულია ნათესაურ უთიერთობებთან, რომელიც უშუალოდ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ოჯახურ ატმოსფეროში. ცნოილია, რომ ლ. ბერიას დედის მართა ჯაყელის პირველი ქმარი იყო სოფელ ჯგალში მცხოვრები დიმიტრი კვარაცხელია, სოპლის მღვდლის, ამ არემარეში საკმაოდ ცნობილი ადამიანის პეტრე კვარაცხლიას ძმა.დიმიტრი ადრე გარდაიცვალა და მისგან მართას დარჩა ორი შვილი – თამარი და კაპიტონი.

        დაქვრივებული ჯაყელის ქალი გათხოვდა პავლე ბერიაზე, რომელიც წარმოშობით გალის რაიონის სოფელ საბერიოდან იყო და ჯგალში ჩამოდიოდახოლმე სამუშაოდ. პავლემ მართა თავის შვილებთან ერთად სოხუმის რაიონის სოფელ მერხეულში წაიყვანა, სადაც საბოლოოდ დასახლდა კიდეც. მართას მერხეულში შეეძინა ლავრენტი და ანეტა.

        ასე რომ კაპიტონი, თამარი კვარაცხელიები და ლავრენტი, ანეტა ბერიები და–ძმანნი იყვნენ დედიდან, ერთად იზრდებოდნენ და ბუნებრივია ახლო ურთიერთობა ქონდათ როგორც ერთმანეთთან ისე კვარაცხელიების მთელ სანათესაოსთან.

        მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა მართას და მისი შვილების ურთიერთობა ჯგალთან, პეტრე კვარაცხელიას ოჯახთან არ შეუწყვეტია. მართას თავისი შვილები, მათ შორის ლავრენტი ჩამოყავდა ზაფხულობით, პეტრეს ოჯახში, ჯგალში.

        ბავშობაში ლავრენტი ახლობლებთან ერთად თარზენში (მთის სახელწოდება) დადიოდაო, სადაც მეჯოგე კვარაცხელიებს კარვები ელაგათ. შემდეგშიც გავლით ყოფილა ჯგალში ლავრენტი, ეს მოხდა 1932 წლის იანვარში, ცენტრში გაუჩერებია, საბჭოში შუვლია, სოპლის ამბები უკითხავს და ჩხოროწყუსკენ აუღია გეზი, შემდეგ კი სენაკისკენ.

        კაპიტონ კვარაცხელია ბერიას ნახევარძმა იყო, მართა ჯაყელის პირველი ქმრის დიმიტრი კვარაცხელიასგან, რომელიც სოფელ ჯგალში ცხოვრობდა, კაპიტონის გარდა კიდევ ერთი შვილი ყავდა – თამარი. დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ, მართა გათხოვდა გულურიფშის რაიონის სოფ. მერხეულში მცხოვრებ პავლე ბერიაზე, რომლისგანაც ეყოლა ორი შვილი – ლავრენტი და ანეტა. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. კაპიტონი სოხუმში ცხოვრობდა და დიდხანს მუშაობდა აფხაზეთის ნავთობბაზის უფროსად. კაპიტონს ერთი ფეხი არ ჰქონდა, რომელიც ბაქოში დაკარგა, როცა ბერიასთან ერთად ცხოვრობდა. ტრამვაიდან გადმოხტომის დროს ლავრენტი დაბარბაცდა, ქვეშ მოყვებოდა რომ არა კაპიტონის მცდელობა ხელი ეკრა მისთვის. მართალია ლავრენტი გადაარჩინა, მაგრამ ტრამვაიმ ფეხზე გადაუარა. ძმის ამ კეთილშობილებას და თავდადებას დიად აფასებდა ლავრენტი.კაპპიტონს მეორე ცოლისგან ერთი ვაჟი – ვახტანგი ჰყავდა, მისი მეუღლე სვეტლანა ბესელია, აფხაზეთის პროკურორის თანაშემწე იყო, მას შემდეგ რაც 1953 წელს  ვახტანგ კვარაცხელია მხეცურად აწამეს და მოკლეს, ანგარიშსწორების შიშით სვეტლანა საცხოვრებლად შვილთან, გოგლასთან გადავიდა სანკტ–პეტერბურგში. მათ შესახებ არაფერია  ცნობილი.ვახტანგის საფლავი ცნობილია, კაპიტონ კვარაცხელია 1951 წელს გარდაიცვალა, დიდი პატივით დაკრძალეს ბერიას ნახევარ ძმა. მის დაკრძალვაზე ბერიაც ჩამოვიდა სოხუმში. როგორც კი ბერია დახვრიტეს, აფხაზებმა საფლავიდან ამოაგდეს და სადღაც გადააგდეს. ბერიას გამო ასევე მხეცურად იძიეს შური კაპიტონის შვილზე. 1985 წელს, წამებით მოკლეს, შემდეგ კი გვამი ჩამოხრჩვეს!

        ხოლო მისი მამის, კაპიტონის საფლავი ბერიას დახვრეტის შემდეგ დაანგრიეს. თამარი და ნიკოლოზ კვიჭიძე ორივე გადაასახლეს ბერიას დახვრეტის შემდეგ. ასევე გადაასახლეს ანეტა კვარაცხელიაც ქმართან ერთად ყაზახეთში.

        მართა, ბერიას გაქრობის შემდეგ ყორღანოვის ქუჩიდან ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გადაკვეთაზე ოროთახიან ბნელ და ნესტიან ბინაში გადაიყვანეს, შემდეგ კი კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში უპატრონოთა თავშესაფარში მოათავსეს.

        მართა ღრმად მორწმუნე ღვთის მოსავი ქალი ყოფილა.თურმე თავისი ბინა ხატებით ჰქონდა სავსე, უპატრონოთა სახლში მთელი დღე თურმე მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. ბოლოს დაბრმავდა და ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მოგვიანებით მართა ჯაყელის ნეშთი თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე სასაფლაოსთან გადმოასვენეს. იქვე დასაფლავებული ბერიას მეღლე, ბერიას და ანეტა ქმართან ერთად. ბერიას დის, ანეტას შვილი, ანიკო ლოლაძე თბილისში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. კაპიტონ კვარაცხელიას შვილიშვილი ლიანა კი მოსკოვშია მნეუღლესთან ერთად.კაპიტონის ქალიშვილი სუსანა და შვილიშვილი ალა კვარაცხელიები ცოცხები აღარ არიან.

        ამრიგად მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული პიროვნების, ბერია ცხოვრების ჩარხის უკუღმა შეტრიალებამ მოშალა მთელი სანათესაო და მრავალგზის ტანჯვა–წამება მოუტანა მათ

        არსებობს გადმოცემა იმის შესახებ რომ ბერიას ჭაბუკობისას ფეხით უმოგზაურია ლაკადაში. გამთენიისას, ჯგალის დასაწყისში ლეკაკულეს უბანში იგი შეხვედრია ერთ პიროვნებას და უთხოვია მისთვის გზა ესწავლებინა სქურამდე. რამდენიმე საათის შემდეგ ჯგალის ცენტრში ცნობილი გახდა უცხო ახალგაზრდის ჩამოსვილა და სქურში გამგზავრების შესახებ. მის დაბრუნებას ელოდებოდნენ თეიმურაზ მორგოშია, კოსტა და ზევთი კვარაცხელიები.

        აქეთობისას შეებებნენ, მოიკითხეს მისი დედა, შემდეგ მოსვლის მიზეზი კითხეს, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დატოვა. შემდეგ კოსტავ მოუბრუნდა, შენ რაა, კიდევ არ დაუჭერიხართ? ყველას გაეცინა. კოსტა და ლავრენტი შემდეგშიც შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც კოსტასთვის დიდი ბედნიერება სამწუხაროდ არ მოუტანია.

        საინტერესოა ბერია ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთნ, მათ შორის კვარაცხელიებთან, იმ დროს როცა იგი მაღალ პარტიულ თუ სახელმწიფო თანამდებობებზე იმყოფებოდა. ცხადია მას პირადი ურთიერთობებისთვის არ ეცალა, მაგრამ შიგა და შიგ მაინც პოულობდა დროს, რომ საქმის კურსში ყოფილიყო, როგორ ცხოვრობდნენ მისი ახლობლები. ერთი ასეთი ფაქტი გახდა ცნობილი, წალენჯიხის რაიკომის პირველი მდივნის, მიხა ბარამიასთვის დაურეკავს ბერიას და უთხოვია მისთვის გაეგო როგორ იყო პეტრე კვარაცხელია. ეს ნიუანსი მეტყველებს ბერიას დაინტერესებაზე პეტრეს პიროვნებით. ლავრენტი ბერიას ჯგალში ყოფნის კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგვითხრობს საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, სპირიდონ კვარაცხელია.

„1932 წლის იანვარი იყო, მაშინ 19 წლის ვიქნებოდი ვასრულებდი შვიდწლიანი სკოლის გამგის მოვალეობას, ჩემთან მოვიდა სოფლის საბჭოს აღმასრულებელი და განმიცხადა ტელეფონთან გიბარებენო. მიხმობდა რაიკომის მაშინდელი საბჭოს მდივანი – ევგენ უბირია

         საბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა, აბა შენ იცი როგორ დახვდები, ბერია მოდის! 15–20 წუთში მანდ ვიქნებითო და ყურმილი დამიკიდა.

 

ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ საბჭოს წინამდებარე მოედანზე შემოჯირითდა ცხენებზე ამხედრებული ოცამდე კაცი და ერთი ფაიტონი, რომელშიც სამი კაცი იჯდა. ყველა ჩამოქვეითდა, ცხენები იქვე ღობეზე მიაბეს. მათ გამოეყო რაიკომის მდივანი ებგენ უბირია და საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ლ. ბერია. შენობის კიბესთან შევეგებეთ მე და ერთ–ერთი მასწავლკებელი მატრინე კვარაცხელია. რაიკომის მდივანმა ჩემი თავი გააცნო სტუმარს, ის შეკითხვებს მაძლევდა, მეც ვპასუხობდი.

         რა გეგმა–დავალებები გაქვთ, როგორ მიდის საქმე?

 

მეც დაწვრილებით ვუამბე არსებულ მდგომარეობაზე. კონკრეტილი მაჩვენებლებიც თან ახლდა ჩემს პასუხს.

 

         შენ, სკოლის მასწავლებელმა, ასე დაწვრილებით საიდან იცი ყველაფერი?

         გუშინ კრებაზე განვიხილეთ ეს საკითხი და ღონისძიებაც დავსახეთ.

         რა ღონისძიება?

         უბანზე კომკავშირული აქტივისტების მიმაგრება.

         რა პრობლემები გაქვთ სოფელში?

         ჩვენი სოფელი რაიონის ერთ–ერთი დიდი, ხალხმრავალი სოფელია მოსახლეობით. არ გვაქვს აფთიაქი, არც საავადმყოფო, სკოლა შვიდწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ, მხოლობ მცირე ნაწილი ახერხებს სწავლის გაგრძელებას, უმრავლესობა კი უსწავლელი რჩება. აუცილებლად მიგვაჩნია შვიდქლიანი სწავლების ცხრა წლიანად გახანგრძლივება (იმ პერიოდში საშულო სკოლა ცხრა წლიანი იყო).

         მართალი ხარ, ეს ყველაფერი მოსაგვარებელია, მითხრა მან და რაღაც–რაღაცეები ბლოკნოტში ჩაინიშნა.

         დიდი მადლობა, თქვენი იმედი გვაქვს, ვუთხარი მეც და ბოლოს მკითხა:

         როგორ არის პეტრე კვარაცხელია?

         გუშინწინ შევხვდი, კარგად იყო, დიდხანს ვისაუბრეთ.

 

                                ჩემგან მიღებული პასუხებით ეტყობა კმაყოფილი დარჩა. წარმატებები გვისურვა და ოთახიდან გავიდა. ცხენს მარდად მოახტა და საოცრად ნმოხდენილად გაჰკურცხლა. სხევმაც მას ბობაძეს და მუხურისკენ აიღეს გეზი . მათი ამალიდან უბირიას გარდა მხოლოდ სამი იყო ჩემი ნაცნობი. რაიონის „ჩეკას“ უფროსი ვლადიმერ მზარელუა (შემდეგ გენერალი) ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი, იუსტინე გვასალია. ამავე რაიონის „ჩეკას“ უფროსი ვლადიმერ ზაქარაია. მეორე დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა რომ ისინი ჯერ თურმე ჩხოროწყუს ესტუმრნენ ხოლო შემდეგ კურსი სენაკისკენ აუღიათ (მოგვიანებით გამოქვეყნდა ინფორმაცია,რომ ბერიამ იმ დროს მთელი სამეგრელო ცხენით შემოიარა).

დახმარებამაც არ გააყოვნა, მომდევნო წლებში ჩვენს სოფელში გაიხსნა აფთიაქი, აშენდა საავადმყოფო, შვიდწლიანი სკოლა საშუალობ გადაკეთდა. ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ ჯერ კიდევ უმაღლესდაუმთავრებელი დავინიშნე.“

 

 

 

 

მ ე ჯ ო გ ე ო ბ ა   გ ვ ა რ ი ს   ს ა ხ ე ლ ი    დ ა   დ ი დ ე ბ ა.

        მწყემსი – დასაბამიდანვე პატიოსანი, ღვთისნიერი და მშრომელი ადამიანის სინონიმია, რომელსაც მხოლოდ უფლისგან მიეზღვება კუთვნილი.

        წალენჯიხაში კვარაცხელიებს ეპყრათ ხელთ მეჯოგეობის „მეფური“ კვერთხი.ისინი ძროხას, ხარს ისე არ უყურებდენ, როგორც პირუტყვს (საქონელს) არამედ როგორც ორენჯს(მარჩენალს) – ადამიანის ყოფა–ცხოვრების, ადამიანის რჩენისთვის უმთავრეს არსებას და კიდევაც შეარქვეს ეს სახელი – ორენჯი.

        მეჯოგეობა მძიმე ტვირთი იყო, ამასთანავე დიდი ბედნიერების მომტანი. მწყენსი შეძლებულად ცხოვრობდა და შვილების მოვლა–პატრონობის პირობებიც გააჩნდა. ოჯახებში შრომაც გონივრულად იყო განაწილებული. საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ბავშვების აღზრდას ბებია–ბაბუასთან ერთად დიასახლისი კისრულობდა, მამაკაცი კი ზამთარ–ზაფხულ ჯოგზე იყო მიჯაჭვული. ყოველი შვილის, მით უფრო, ვაჟის შეძენა, მწყემსს დიდ სიხარულს ჰგვრიდა, რადგანაც მისი სახით ეზრდებოდა არა მარტო მემკვიდრე არამედ ცხოვრების თანაშემწე, რომელიც დღეს თუ ხვალ დედ–მამას მხარში ამოუდგებოდა და მთასა თუ ბარში წაეშველებოდა. თითქოს ღმერთი წყალობდაო, ბევრ მადგანს უმეტესად ვაჟი უჩნდებოდა, რაც თავის მხრივ, მეჯოგეობის შემდგომი მძლავრი განვითარების საიმედო რეზერვი იყო.

        კვარაცხელიების ერთ – ერთ ძირითად საქმიანობას ძველ დროში მეჯოგეობა წარმოადგენდა. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანის ცხოვრების საარსებო პირობების გათვალისწინებით, იგი შეიძლება მივიჩნიოთ გვარის საქმიანობისა და აქტივობის ერთ – ერთ თვალსაჩინო გამოვლინებად. მხოლოდ უშიშარ, მამაც და ნათელი გონების ადამიანებს შეეძლოთ წარმატებით გასძღოლოდნენ მეურნეობის ისეთ რთულ დარგს, როგორიცაა მომთაბარე მეჯოგეობა. მათი დიდი დამსახურება სწორედ ის არის, რომ მრავალი წლის მანძილზე, სასელექციო ექსპერიმენტების სწორად დაყენების შედეგად, შეძლეს მიეღწიათ პირუტყვის არა მხოლოდ ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის, არამედ გამოეყვენათ მაღალ პროდუქტიული ახალი ჯიშები. სამეგრელოში კვარაცხელიები იყვნენ ერთ – ერთი პირველნი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლა.

        18 საუკუნის საქართველოში მცხოვრებმა კვარაცხელიებმა, კერძოდ კურუ კვარაცხელიას შთამომავლებმა. კურუს შვილიშვილებიდან ძიკი, ალექსი, მერაბი, ერასტო, მიხა და ბეგი. აქედან ყველაზე გამორჩეული და მეტად არაორდინალური პიროვნება ძიკი კვარაცხელია გახლდათ, გამოირჩეოდა პირდაპირობითა და სიმკაცრით. დაიბადა 1854 წელს, სოფ. ჯგალში.

        50 წელს გადაცილებულმა შეირთო მეუღლე საჩინოელი აზნაურის უფროსი ქალიშვილი ასპირო კატუკია, რომელმაც სამი ვაჟი გაუჩინა. უფროსი მიშა მეორე მსოფლო ომში უგზოუკლოდ დაიკარგა, უმცროსი ომიდან დაჭრილი დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ დიდხანს არ უცხოვრია. შუათანა მათე იყო ქ.ფოთის საპატიო მოქალაქე და ამავე ქალაქის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე.

        ცნობილი საზოგადო მოღვაწეს და მოაზროვნეს პროფ. აკაკი ბაქრაძეს მეჯოგე ძიკი კვარაცხელია მუხლმაგარი ქართველი კაცის ნიმუშად ჰყავს მოყვანილი, ამასთანავე ისეთ ძლიერ პიროვნებად რომელსაც მეფისთვის მეფური საჩუქრის ძღვნად მირთმევა შეეძლო. კერძოდ მან თავის ჯოგიდან ერთთი ფერის, ერთი ასაკის, ერთნაირად სანთლისფერი რქებისა და ჰარმონიული პროპორციების მქონე 100 სული ხარი შეურჩია და უსასყიდლოდ გაუგზავნა პირველ მსოფლიო ომში ჩაბმულ ქვეყანას ჯარის გამოსაკვებად.

        მადლობის, მოწყალებისა და მგარველობის ნიშნად, სრულიად რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით სახელვანმა ადამიანმა საქონლის საკვების მთელი ეშელონი მიღო საჩუქრად.

        მაინც ვინ იყო ის გრძნეულივით კაცი, ვინც სასწაულებს ახდენდა მთელს იმპერიაში, რომგაითქვა სახელი როგორცუბადლო მეჯოგემ,ვისი სახელიც შევიდოდა ისტორიაში, მეცნიერულ გამოკვლევებში, ლიტერატურულ–პუბლიცისტურ ნაწარმოებებში და დღესაც, რომ არ შენელებულა ეს ინტერესი. ძიკი კვარაცხელია, ჯგალელი გლეხკაცი გახლდათ, რომელიც გარეგნულად არაფრით გამოიცეოდა თანატოლელი გლეხებისგან, მაგრამ დიდი საქმის საოცრად დაიტერესებამ და გატაცებამ, საქონლის მოშენების საკუთარმა პრაქტიკა – გამოცდილებამ, მთელ დუნიაზე ცნობილი პიროვნება გახადა.

        ძიკის უშუალო დამსახურება ისაა, რომ მან სხვადასხვა ფერის, მაღალი პროდუქტიულობის და მომხიბვლელი სანახაობის საქონლისბან გამოიყვანა სრულიად ახალი, განსხვავებული სიძლიერისა და აღნაგობის წითელი ჯიშის პირუტყვი. ეს კი დიდი გარჯა–რუდუნების შედეგი იყო.

        სწორედ კვარაცხელიებმა შეძლეს დამოუკიდებელი, მსხვილფეხა რქოსანის, გენეტიკურად სუფთა, აბორიგენი ჯიშის გამოყვანა. რასაც საფუძვლად უდევს, ბანალური საწყისები  – კოლოსალური შრომა და ბუნებივი გენია.

        საუბარია არა ერთ–ერთ რიგითიმოზალოგიური ერთეულის შექმნის ფაქტზე , არამედ განუმეორებელი ღირსების მქონე დიდ მეცნიერულ–ისტორიულ შენაძენზე – ყოველგვარი სამეცნიერო კვლევა–ძიების და ლაბოლატორიული გამოკველევების გარეშე. მათ შეძლეს დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულიყო ჯუჯატანიანი ნახირისაგან მაღალი ღირსების მქონე ,,მეგრული წითელი“ ანუ კვარაცხელიას ჯიშის ჯოგის შექმნა, რომელიც ნებისმიერი მფლობელისთვის სიმდიდრის გარანტია იქნებოდა.

        განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმას, რომ პირუტყვს ჰქონდა დიდი ტანი, მაღალი ფეხები, კარგად განვითარებული ძვლები, განიერი, სწორი გავა, მაღალი მინდაო და ასეთივე ბეჭი. ცხოველი უნდა ყოფილიყო მკვრივი და მაგარი, არა მძიმე, ამავე დროს მოძრავი და ენერგიული. დამახასიათებელი იყო რძის მაღალი ცხიმიანობა რომელიც საშუალოდ 4,5 % შადგენდა.

        ცნობილია, რომ პირუტყვის გამოზრდის თავისებუტი მეთოდი ჰქონდათ ძიკის და მის ძმებს. ხბოებს რძის მიცემას არ უწყვეტდნენ დედინ ლაქტაციის დამთავრებამდე, ხოლო კუროების გაზრისას მათ დედებს არ წველიდნენ. საუკეთესო კუროს გამოსაზრდელად კი მას ორ ძროხას აწოვინებდნენ ხოლმე. ყოველწლიურად ისინი ათეულობით კუროს ყიდდნენ და რაც მთავარია, ოდესღაც ძიკისეული ნახირი წარმოადგენდა ერთგვარ სანაშენე ბირთვს დასავლეთ საქართველოში.

        ძიკისთვის ჯოგი ყველაფერი იყო, რომელიც ბუნების სტიქიასთან და ნადირთან ბრძოლაში იყო გამოწრთობილი, მაგრამ სუსტისადმი თავადაც შეუბრალებელი და მკაცრი იყო, ბუნება მაინც გასწირავსო იტყოდა თურმე და პირვწლ გამოცდას თვითონ იგინებდა, უფრო მკაცრს ვიდრე ბუნება.

         პირუტყვის გამოწრთვნაში, ჯანსაღი, სიცოცხლითსავსე საქონლის შერჩევის საქმეში ძიკი თავისებურად იყენებდა თურმე მდინარე რიონსაც, რიონის ტალღებთან შებრძოლებისას გამოჩნდებოდა ძლიერიც და სუსტიც. ჯოგში დარჩენა არ დარჩენის ბედიც იქვე წყდებოდა.

        ბუნების მკაცრი კანონის თანახმად, მეჯოგეებს ე.წ. სუფთა ხაზის გამოსაყვანად.არასოდეს შეუჯვარებიათ დედა ფური მის შთამომავლობასთან.

        ძმები კვარაცხელიების წარმატებული სალექციის ძირითადი არსი ბუნების კანონების ზედმიწევნით ცოდნა და  მისი ზუსტად დაცვა გახლდათ. ისინი ცდილობდნენ ყველგად დაყველაფერში დაეცვათ პირუტყვისა და ბუნების ურთიერთობის წესი და არასოდეს დაერღვიათ იგი.

        როგორც იხსენებენ  ძიკი ხასიათით მეტად კუშტი ყოფილა, იქნებ ბუნების სიმკაცრიდან გამოვიდა მისი ასეთი ბუნებაც.მორიდება, მოკრძალება მისთვის უცხო რამ ყოფილა, სათქმელს პირში ეტყოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო, თვით ბავშბების მოერება–ალერსშიც ძუნწი იყო. სიყრმიდან  მთა–ბარში ნამყოფს, თავისებურად ბუნების დიდი ტრფიალიც ჰქონია. ხე რომ ხეა მისი მოჭრაც ენანებოდა თურმე. ომის წლებში უკვე ღრმად მოხუცი ნათრობდა –  ნეტავ ღონე მერჩოდეს, მეც ჩემს ვაჟებთან ერთად ვიომებდიო ჩემს ვაჟებთან ერთად ვიომებდიო მტრის წინააღმდეგ.

                                                           დავით კვარაცხელია. მეცნიერებათა კანდიდატი. ძიკი კვარაცხელიას შვილიშვილი.

        დათა  და მისი მემკვიდრენი. ძიკი, დათა, დიტო, სვიმო, გერასიმე, ანტო და ლარი კვარაცხელიებთან ერთად დათა ფოთუს ძე კვარაცხელიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მეგრული წითელი აბორიგენი ჯიშის პირუტყვის მოშენებისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელების საქმეში. სხვებისგან განსხვავებით ეს ჯიში ცნობილი იყო იმით, რომ ლამაზი, მომთაბარე და ცუდი კლიმატური პირობების ამტანი იყო. რძე მაღალცხიმიანი, ხორცი კი ყუათიანი და გემრიელი ჰქონდა, როგორც გარეულისას ისე ეტანებოდნენ.

        დ. კვარაცხელია დიდ თოვლობამდე მეზობლებთან ერთად გუროს მთების ხშირი სტუმარი გახლდათ. დიდთოვლობის შემდეგ კი, გზას საძოვრებით განთქმულ ყუბანისკენ ირჩევდა. მან როგორც საზრიანმა მეჯოგემ და მრავალრიცხოვანი მსხვილფეხა პირუტყვის პატრონმა ყუბანში დიდი ნდობა და ავტორიტეტი მოიპოვა. რეგიონში მისი სახელი პოპულარული გახდა.

        ლაბინსკში 1927 წელს მსხვილფეხა საქონლის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე დ. კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილმა მეგრული წითელი ჯიშის საქონელმა დაიმსახურა 1 ხარისხის დიპლომი და ფულადი ჯილდო.

        კოლექტივიზაციის შემდეგაც (მან არტელში 700 – მდე მსხვილფეხა საქონელი გააერთიანა) საქმეს ისევ წარმატებულად უძღვებოდა რაც მის გამჭრიახობაზე მეტყველებს.

        დათა ლაბინსკში შექმნილი ქართველ მეჯოგეთა მესაქონლეობის გამგეობის წევრი ყოფილა. არტელი 12 000 სულ მსხვილფეხა საქონელს, 2000 ცხენს, 50 000 თხას და ცხვარს აერთიანებდა.

დ. კვარაცხელია 90 წლისა გარდაიცვალა.

 

 

 

              

        საქართველოში ცნობილ მრავალრიცხოვან კურორტთა შორის სქურს ერთ – ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. კურორტი ზღვის დონიდან 400 – 500 მეტრზე მდებარეობს, წალენჯიხიდან დაშორებულია 15 კმ – ით, ჯგალიდან 7 კმ – ით. ტერიტორია დაახლოებით 100 კვ კილომეტრს შეადგენს და მეტად მდიდარია ისტორიული ძეგლებით, სამხრეთ აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვებზე შემორჩენილია 9 საუკუნის ეკლესიის ნაშთები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს აღწერილი.

        სქურისკენ მიმავალი გზის პირას, მდინარე ჭანისწყლის ხეობის ერთ – ერთ   ამაღლებულ ბორცვზე, სქურ ჰესის მიდამოებში აღმართულია ფეოდალური ხანის მრგვალი ციხე სიმაგრე, რომლის აგების თარიღი სავარაუდოდ 12 საუკუნემდეა. დოცენტ ალექსანდრე მიქავას მტკიცებით იგი ორ სართულიანი ყოფილა, ამჟამად ზედა სართული დანგრეულია, ქვედა სართულის გალავანში უხვადაა სათოფურები.

        თარზენის მთის ძირას, სქურის ხეობის დასაწყისში აღმართული იყო ორსართულიანი, თლილი ქვით ნაგები თაღოვანი კოშკი, რომელიც 1943 წელს კომუნისტებმა გზის გაფართოების გამო დაანგრიეს. კოშკის სიმაღლე 7 – 8 მეტრს აღწევდა, იგი საყარაულო ნაგებობა იყო და ხალხი „ლაყორიას“ ეძახდა, გადმოცემით როცა მტერი წალენჯიხას შეაღწევდა, მოსახლეობა სქურისკენ გარბოდა რომელიც იმ დროის კვალობაზე საკმაოდ ძლიერად იყო გამაგრებული. ჭანისწყლის შენაკადის სახელი „ნალიმერი“ (ნაომარი) სწორედ სისხლისმღვრელი ბრძოლების გამო დაერქვა.

კურორტის მოკლე ისტორია

        1870 – 1880 წლებში მინერალური წყარო მომთაბარე მწყემსებმა აღმოაჩინეს, მიწის მაშინდელი მეპატრონეები – დვეფე, ტოტო, ჭაჭა და შიშია კვარაცხელიაები საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ფაქტს, კვარაცხელიაებს ხშირად კონფლიქტიც  კი ქონდათ თავად დადიანებთან ამის გამო...

        1930 წლებიდან დაიწყო კურორტის მშენებლობა, მიწის მაშინდელმა მეპატრონეებმა, ტარას, ანდრო და ევგენ კვარაცხელიებმა 16 – 18 ოთახიანი სახლები ააშენეს და მათ მოაგარაკეებზე აქირავებდნენ. სქურის შემოგარენი ადრე მდიდარი იყო ასწლოვანი უნიკალური ჯიშის ხეებით და ფაუნით, მაგრამ ტყის უკონტროლო ჩეხვამ ყველაფერი შეცვალა. სქურის მიმდებარე მდინარეები ნალიმერი და წისქვილარა კი ახლაც მდიდარია კალმახით.

        აქ ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი:  ბუნების სილამზე, მზის სხივების სიუხვე, ზომიერი ტემპერატურა, დაბალიბარომეტრული წნევა, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი და უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყალი რომელსაც უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია. სქურის მინერალური წყლის ჩამოსხმა 80 წლის წინ დაიწყო, ნიშანდობლივია რომ წყალი 1 წლის განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს.

        ფუნქციონერებდა 150 კაციანი, 3 სართულიანი პანსიონი, 120 კაციანი სამკურნალო ფიზიოკაბინეტი, კინოს დარბაზი, პავილიონი, პიონერთა ბანაკი. საკურორტო სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

        სქური სამკურნალო მინერალური წყლის გარდა მდიდარია ბუნებრივი წიაღირსეულით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მინერალი დოლომიტი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მინა – ტარის წარმოებაში. სქურის დოლომიტის ნამცეცებზე დიდი მოთხოვნილებაა საქართველოსა და სომხეთში სადაც 800 ტონა ნედლეული იგზავნება. ამჟამად იგზავნება ქსნის მინატარის ქარხანაში. სქურის დოლომიტით დაინტერესდნენ თურქი ბიზნესმენებიც.

        ძალზე საყურაღებოა კულტურული ძეგლები სქურის ხეობაში არსებული ციხე–ქალაქისა და ეკლესიის ნაშთები, რომელთაგან ზოგიერთის აშნების თარიღად მესამე მეოთხე საუკუნეებს ვარაუდობენ (სამწუხაროდ ეს ძეგლები ღესაც შეუსწავლელია)

 

 

 

 

 

 

სოფ. ჯგალის სწავლა–განათლების ისტორიიდან

        წერა–კითხვის შესწავლის საქმე ძველ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოშიც ეკლესიასთან ყოფილა დაკავშირებული. სოფ. ჯგალშიც განათლებას საგუძველი სასულიერო ფენამ დაუდო. 1890–იან წლებში ჯგალში უკვე არსებობდა ორ კლასიანი სასწავლებელი. იმ დროს ასეთივე ორ კლასიანი სასწავლებლები ფუნქციონირებდა მხოლოდ წალენჯიხაში, ლიასა და ჯვარში.

        სასკოლო ცხოვრების აღმშენებლობა დაკავშირებულია პეტრე ნიკოს ძე ქვარცხავას სახელთან. მისი მამა სასულიერო პირი ყოფილა. ეს ოჯახი არა მარტო ზუგდიდის მაზრაში, არამედ ქუთაისის გუბერნიაშიც ყოფილა ცნობილი (ქვარცხავები გადმოსახლებულან ჩხოროწყუდან და სასულიერო მოღვაწეობას ეწეორნენ სოფ. ჯგალში).

        პეტრემ წერა–კითხვა ოჯახში ისწავლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა ბიძამისი ალექსი ქვარცხავას თაოსნობით გახსნილ ორ კლასიან სასწავლებელში, რომელიც 1904 წელს დაამთავარა და ჩაირიცხა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1908 წელს. ამის შემდეგ ორი წელი მღვდლად იმუშავა საჩინოს ეკლესიაში და 1910 წლიდან დაიწყო მუშაობა ჯგალის ორ კლასიან სასწავლებელში. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ამავე დროს იყო ორ კლასიანი დაწყებითი სკოლის გამგე.

        პეტრე ქვარცხავას ინტერესს წარმოადგენდა ჯგალში გახსნილიყო შვიდწლიანი სკოლა(რომელიც წალენჯიხაში უკვე ფუნქციონირებდა). მან სოფელში აღრიცხა სათანადო ასაკის ბავშვები და მასალები წარუდგინა ზუგდიდის სამაზრო კომიტეტს, რომლის განკარგულებითაც მოვლინებულ იქნა მაზრის განათლების განყოფილების წარმომადგენელი, ცნობილი პედაგოგი მიხეილ პატარაია. მან ადგილზე შეამოწმა პეტრე ქვარცხავას მიერ წარმოდგენილი მასალების სისწორე და მოხსენებითი ბარათი წარუდგინა ზუგდიდის სამაზრო კომიტეტს. კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და ჯგალში დამატებით გამოგზავნა განათლების განყოფილების გამგე აკაკი ფიჩხაია. ამ უკანასკნელმა დეტალურად შეისწავლა საკითხი და არა მარტო ჯგალის ცენტრში, არამედ მის ცალკეულ უბნებშიც მიიჩნია საჭიროდ სკოლების გახსნა. ჯგალში შვიდწლიანი სკოლის გახსნას მოჰყვა ლარას, ლესალეს და მედანის ოთხწლიანი სკოლების გახსნა.

        ჯგალში შვიდწლიანი სკოლა გახსნილა 1918 წელს. ამ დროს ზუგდიდში ერობის თავმჯდომარე ყოფილა მწერალი ლეო ქიაჩელი, რომლის უშულაო მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი კეთილ საქმეს, რასაც ერქვა სოფ. ჯგალში სკოლის გახსნა.

        შვიდწლიანი სკოლის დირექტორობა პეტრე ქვარცხავას შესთავაზეს. იგი წლების განმავლობაში გულისხმიერად ემსახურებოდა ახალი თაობის აღზრდას. შვიდწლიანი სკოლის დირექტორად ერთი პერიოდი სპირიდონ კვარაცხელიაც მუშაობდა. პეტრე ქვარცხავა თავის თანამოაზრეებთან ერთად (კოსტა, ევგენი, ერი კვარაცხელიები და სხვ.) სამომავლო გეგმებსაც სახავდა. მას გაუჩდა სურვილი ჯგალში საშულაო სკოლა გახსნილიყო. წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ის კოსტა კვარაცხელიასთან ერთად წასულა თბილისში განათლების კომისარიატში და უთხოვია ჯგალში გაეხსნათ საშუალო სკოლა (როგორც ამბობენ კოსტა კვარაცხელიამ და პეტრე ქვარცხავამ თურმე დაუჩოქეს კიდევაც განათლების სახალხო კომისარიატის თავმჯომარეს).

        1936 წელს გაიხსნა ჯგალის საშუალო სკოლა, ხოლო კანთის უბანში კი    დაწყებითი სკოლა. საშულო სკოლის პირველი გამოშვება იყო 1939 წელს.

        საშულაო სკოლის დირექტორადმა ბ–ნ პეტრე ქვარცხავამ წამოაყენა მისი ნამოწაფარი ვარლამ ონისიმეს ძე კვარაცხელია (პროფესორ ანზორ კვარაცხელიას მამა). ბ–ნ პეტრეს თაოსნობით მალე დაწყებულა და მისივე ხელმძღვანელობით დამთავრებულა ჯგალის საშ. სკოლის ორსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა.

        ბ–ნ პეტრეს ცხოვრებს ერთ–ერთი ნათელი შტრიხი იყო ის, რომ უშუალოდ მისი თხოვნით დაიწყო ნარი ბაგდასაროვას პედაგოგიური მოღვაწეობა ჯგალში, პირადად ჩასულა თბილისში და პეგდაგოგიური ინსტიტუტიდან გამოუთხოვია რუსულის მასწავლებელი, რამაც დადებითი როლი ითამაშა თაობების აღზრდაში.

        ჯგალის საშუალო სკოლა განთქმული  იყო მთელს რაიონში და ცხადია ეს უპირველესად განპირობებული იყო პროფესიონალი კარდების მოღვაწეობით: ბაგრატ შენგელია (მათემატიკის მასწავლებელი, საბუმედან), ბიჭიკო საჯაია (მათემატიკის მასწავლებელი, თაიიდან), კოსტა კვარაცხელია (რუსულის მასწავლებელი), ანდრია კვარაცხელია (ისტორიის მასწავლებელი), მარო გაბედავა (დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მუხურიდან), ვალოდია ვეკუა (ისტორიის მასწავლებელი, ჩხოროწყუდან, ვოვა ვეკუას მამა), ჯღაკუ თოდუა (დაწყებითის მასწავლებელი, ხაბუმედან). ეს ადამიანები იყვნენ ბ–ნ პეტრე ქვარცხავას თანამედროვენი, რომლებმაც ძლიერი საძირკველი დაუტოვეს მომავალ თაობებს. შემდეგი თაობებიდან გამოირჩეოდნენ პედაგოგები: ნარი ბაგდასაროვა, ჟურა უბილავა, პოლინა ქაჯაია, გულნარა სალია,გურამ მიქავა,  ნინო ბელქანია, გულისა საჯაია, მზია მებონია, იონა, ფენია, ილარიონ, ვლადიმერ, ლეო, კორნელი, გივი, გრიშა და ზაური კვარაცხელიები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯგალის საშულო სკოლის პირველი დირექტორი იყო ვარლამ კვარაცხელია, სხვადასხვა დროს ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ: სოლომონ კვარაცხელია, სევერიონ კვარაცხელია, ალექსანდრე სონგულია და გურამ მიქავა, 2007 წლიდან კი დალი კვარაცხელია.

ლესალეს უბანში 2010 წლამდე ფუნქციონირებდა დაწყებითისკოლა, რომელიც დაარსდა 1925 წელს.

სოფელში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი.

 

 

სოფ. ჯგალის ამბულატორია.

        სოფ. ჯგალში ჯერ კიდევ 1948 წლამდე არსებობდა საფერშვლო პუნქტი, სადაც მოღვაწეობდა ვლადიმერ სოხაძე.

1948 წელს დაიწყო საუბნო საავადმყოფოს მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა სამამულო ომის მონაწილე მაიორი ნიკოლოზ კაჭარავა 1976 წლამდე.

1976 წლიდან 1970 წლამდე საავადმყოფოს გამგედ მუშაობდა პედიატრი არველოდ კვარაცხელია.

1979 წელს მშობლიურ ამბულატორიას დაუბრუნდა ნიკოლოზ კაჭარავა, რომელმაც 1995 წლამდე იმუშავა ხელმძღვანელად.

1948 წლიდან სოფელში თერაპერტად მუშაობდა თბილისიდან ჩამოსული, ღვაწლმოსილი ექიმი ტატიანა ხოჭოლავა, რომელმაც სოფ. ჯგალში შექმნა ოჯახი და მთელი ცხოვრება ამ კუთხეს ანაცვალა. ამბულატორიას სხვადასხვა დროს ემსახურებოდნენ: ნანული ლემონჯავა, ჟენია, კატუშა, ოლია და ჟუჟუნა კვარაცხელიები, ჟაჟი ლომაია, გული ხუბელია, ლეილა მოსიძე, ნაზი ღვინჯილია, ნაზი ხარჩილავა, თინა ქარდავა, გენია ბელქანია, ფაცია უბირია, ნორა ინწკირველი, ლენა ხურცილავა, იზოლდა შენგელია, მზია გაბედავა, ნონა წურწუმია, ბუცა გობეჩია, მარინა სიხარულიძე, ლალი ღვინჯილია, ნარგიზა ქარდავა, ქეთინო შელია, ტონია ღვინჯილია და სხვ.

1989 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სოფელში ჩამოვიდა ქალბატონი მანანა მებონია, რომელიც 1996 წლიდან ხელმძღვანელობს სოფლის ამბულატორიას.

2001 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,ქეას“ დახმარებით დაიწყო ამბულატორიის ახალი შენობის მშენებლობა. მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული ამბულატორიის მშენებლობაში, შედეგად 2002 წელს ამბულატორიამ ახალ შენობაში განაგრძო ფუნქიონირება.

 

ჯგალის კულტირის სახლის ისტორიიდან.

        ალბათ საიტერესოა ვიცოდეთ თუ ვინ შემოგვინახა წინაპართა უძველესი სიმღერები, ესენი არიან: ამური კვარაცხელია, აკაკი (ცვიცვა) კვარაცხელია და ცხოფო მიქავა.

ჯგალის კუტირის სახლთან არსებული აგიტმხატვრული ბრიგადა (ასე ეწოდებოდა მაშინ)  გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩამოყალიბდა ამური და აკაკი კვარაცხელიების ხელმძღვანელობით. კულტურის სახლის ხელმძღვანელი იყო ბოჩო სალია, რომელიც კარგი ორგანიაზატორი აღმოჩნდა. მისი ძალისხმევით ანსამბლი გახდა რესპუბლიკისა და საკავშირო ფესტივალების ლაურიატი.

1981–2002 წლამდე კულტურის სახლის დირექტორი იყო ზოია ბოდღოს ასული ფიფია, რომელსაც დამთავრებული ქონდა შ. რუსთავალის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.ზოია გახლათ საქართველოში აღიარებული ერთ–ეერთი საუკეთესო მომღერლის, იზოლდა ფიფიას და, რომელიც მოღვაწეობს ანსამბლ ,,კელაპტარში“.

ხელოვნების განვითარებაში თავისი წვლილი მიუძღვით მომღერალთა ოჯახებს. კანთიდან ჯუმბერ კვარაცხელია და სამიქაოდან როინ მიქავას ოჯახი.

 

ლეთოფურე

        სწორედ თოფურის (თაფლი) გამო ეწოდა სოფ ჯგალის ერთ–ერთ უბანს ლეთოფურე. ლაკადაში მეჯოგეობასთან ერთად მეფუტჯრეობაც წარმოადგენს ადამიანის არსებობის ძირითად წყაროს. ლაკადაში ფუტკრის თანამედროვე სახლი თორმეტჩარჩოიანი სკა, 1948 წელს შენემოსულა.

მეგრული ჯიშის ფუტკარი, გავრცელებულია ჭანისწყლის, ხობისწყლისმ, ტეხურისა და კოდორის ხეობებში (ხორთუმის სიგრძე 7.22მმ ). იგი გამოირჩევა თვინიერებით, შრომისუნარიანობით, მზის ამოსვლამდე გადის საშოვარზე და გვიან დაღამებამდე შრომობს. ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის დამკვიდრებული სამგზის ოქროსმედალოსანი ჩვენი სიამაყე მეგრული ჯიშის ლაკადის რუხი ფუტკარი.

მეფუტკრეთა საერთეშორისო კონგრესის მონაწილეებმა რომლებიც ეწვივნენ სქურის, ხობისწყლის (მუხურის) საფუტკრეებს უმაღლესი შეფასება მისცეს ჩვენებურ ფუტკარს.

 

 

სოფ. ჯგალი.

        წალენჯიხის რაიონში შემავალი სოფლებიდან (ლია, მედანი, მიქავა, მუჟავა, ნაკიფუ, ობუჯი, ეწერი, საჩინო, ფახუნალი, ჩქვალერი, ჭალე) ჯგალი ერთ–ერთი გამოჩეული სოფელია.

ბუნება. რელიეფი.

        მდიდარი და მიმზიდველია ჯგალის ბუნება. სოფელი ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და 1100 კმ2 უკავია. აქედან ნახევარზე მეტი მთიანი რელიეფია. სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან–თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია სქური, ლესალე, ლეხარჩილე, ლეთოფურე, კანთი, ლეკაკულე და ჯგალის ცენტრი.

სოფ. ჯგალის ჩრდ. ნაწილი განიერი და მთიანია, რომელიც მოიცავს ეგრისისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთების შტო ქედებს. ქვედა იურული თიხა–ფიქლებითა და ქვიშა–ქვებით აგებულ ეგრისის ქედის დაკბილულ თხემზე აღმართულია მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 3000 მეტრს აღემატება. სიმაღლით ყველა მწვერვალს აღემატება ,,ლაკუმურაშდუდი“ (3111მ) ფართოდ არის გავრცელებული რწლიეფის მყინვარული ფორმები. შტო–ქედებიდან მთავარია: ეგრისის ქედზე – ღვამანდრა (რომელიც ყვირასა და გაუჩის კარსტული მასივებით მთავრდება), კოდორის ქედზე – აკიბა (რომლის დაბოლოებაზე ოხაჩქუს კარსტული მასივია). პორფილიტულ წყებებში ჭარბობს მთა–ხეობათა ეროზიული ფორმები, კირქულში – კარსტული წარმონაქმნები.

სასარგებლო წიაღისეულია კირქვა, მინერალი დოლომიტი, აღსანიშნავია მინერალური წყალი სქური.

ჰავა.

        სოფელი მოქცეულია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქში, იცის თბილი ზამთარი, ხანგრძლივი და ცხელი ზაფხული. მთებში ჰავა სიმაღლის მატებასთან ერთან ჯერ გრილია, შემდეგ ცივი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დაბლობზე 14–15 გრადუს ცელსიუსია. 2500 მეტრზე 0 გრადუსამდე ეცემა. ბარში წლიურად 2000მმ ნალექი მოდის მთებში 3000მმ – მდე. ნალექების მაქსიმუმი სექტემბერ–ოქტომბერში მოდის, მინიმალური მაისში. გაბატონებული დასავლეთის ქარი, ხშირია მთა–ხეობათა ქარიც.

ნიადაგები.

        ჭარბობს სუბტროპიკული ეწრი ნიადაგი. ტერასებზე გავრცელებულია ალუვიური უკარბონატო ადგილ–ადგილ კარბონატული  გორაკ ბორცვებზე ჩამოყალიბებულია წითელმიწა ნიადაგი.

მცენარეები.

        სოფელი მდიდარია მცენარეული საფარით. ხარობს მუხა, რცხილა, წიფელი, მურყანი, წაბლი, ნეკერჩხალი, ნაძვი, სოჭი, მეგრული არყი, ცირცელი...

ცხოველთა სამყარო.

        ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, ტურა, მელა, კვერნა, კურდღელი, ტყის კატა, ტყის თაგვი. ფრინველებიდან აღსანიშნავია ქორი, ძერა, შაშვი, ჩხიკვიჭოტი, ბუ, გუგული, კოდალა, ოფოფი. ქვეწარმავლებიდან: გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო. მდინარეებში გავცელებულია ქაშაპი, წვერა, კოლხური ტობი, კოლხური ციბური, კოლხური ციბორი, კალმახი და სხვ.

        ჯგალი ლაკადის მთიანეთს შეფენილი უმშვენიერესი სოფელია. იგი წალენჯიხის რაიონული ცენტრის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. სოფლის სახელწოდებაზე არსებული თქმულებებიდან ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ შემდეგი: მთავარი დადიანი სანადიროდ ყოფილა, ძალიან მოსწონებია ის ადგილი და თავისი აღფრთოვანება გამოუხატავს ერთი სიტყვით – „“ჯგირი“ (კარგი). სიტყვის შემდგომი სახეცვლილებით კი მიღებულია „ჯგალი“.

        სოფელმა კარგა ხანია გეოლოგ–მეცნიერთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჯგალში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი რომელშიც ორმოცი ქვეყნის 200 მდე მეცნიერი მონაწილეობდა. მეცნიერული კვლევის საფუძველზა დადასტურდა, რომ კავკასია ათეული მილიონი წლის წინათ წყლით იყო დაფარული, რაზედაც უტყუარად მეტყველებს აქ აღმოჩენილი იხთიოფაუნის ნაშთები, ნიჟარები და გეოლოგიური შრეები. სწორედ ამის გამო ტერმინი „ჯგალის ჭრილი“ შევიდა მსოფლიო გეოლოგიურ ლიტერატურაში. უცხოელები აღფრთოვანებულნი იყვნენ ჯგალში ყოფნით, ჯგალელების მასპინძლობით, სტუმართმოყვარეობით. მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სოფლის ყოფითმა ტრადიციებმა.

        სოფლის უძველესი და ძირითადი მცხოვრებნი კვარაცხელიები არიან. მათ გვერდით ბევრი სხვა გვარი ცხოვრობდა და ცხოვრობს: სალიები, სონგულიები, ხარჩილავები, ჭანტურიები, ჩიქოვანები, წულაიები, ღვინჯილიები, ბელქანიები, აფაქიძეები, ბაძაღუები, ოთხოზორიები, საჯაიები, ქურსუები, მესხიები, ქვარცხავები, ფურთუხიები, გაბედავები, ზარქუები, ჩანგელიები, ბობოხიები, ხუბულიები, ფიფიები და სხვ.

        ჯგალელები როგორც ტიპიური მეგრელები გამოირჩეოდნენ გულადობით და პურადობით, მშობელი კუთხის დიდი სიყავრულით. ბევრი ჯგალელი, მათშორის კვარაცხელიები, უტუ მიქვას ლაშქარში იბრძოდნენ. მამაცმა ჯგალელებმა თავი ისახელეს დიდ სამამულო ომში.

        წინა საუკუნეებში ჯგალელი კვარაცხელიების ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მეჯოგეობა. ჯგალი არის ამ დარგის აკვანი. მთელი დასავლეთი საქართველო (გურია და იმერეთი) და ჩრდილოეთ კავკასია ჯგალელი მეჯოგეების საბრძანისი იყო. ჯგალელმა მეჯოგე კვარაცხელიაებმა საუკნოვანი დაკვირვებით – იძულებითი მექანიკური „სელექციით“ გამოიყვანეს ძროხის ახალი ჯიში, რომელიც კვარაცხელიას საქონლის ჯიშის სახელწოდებითაა ცნობილი (და არა კვარაცხელიას ჯიშის საქონელი). ყოველივე ზემოთ თქმული კი ძიკი კვარაცხელიას სახელთანაა დაკავშირებული.

        სამი კოლმეურნეობა იყო სოფელში: ლესალეს, ჯგალის მ. კვარაცხელიას და ჯგალი რუსთაველის სახელობის. კოლმეურნეობების თავმჯდომარეები იყვნენ: ნიკო, მოსე, ჟორა, რაჟიკო,  ზაური, ლადო, ვალერი, ილიკო, იგორ და სოლომონ კვარაცხელიები, ნესტორ სალია, შალვა გუჩუა.

სოფლის ეკონომიური ძლიერების უმთავრესი წყარო ჩაის კულტურა იყო რომელიც ამჟამად თხილის კულტურამ ჩაანაცვლა. აგრეთვე განვითარებული იყო მესიმინდეობა, მევენახეობა, ტუნგოს კულტურა, მეაბრეშუმეობა, მეცხოველეობა.

        ჯგალს ბევრი სახელოვანი შვილი გაუზრდია. მათშორის გამორჩეულია გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი თომა ხარჩილავა. სოფლის აღმშენებლობისათვის თავდადებული მებრძოლი სახალხო მასწავლებელი პეტრე ქვარცხავა, კოსტა, ილარიონი, ვალიკო, ხუტა, სოლომონ, ვლადიმერ კოტე კვარაცხელიაები. თარაშ ჩანგელია, ნარი ბაგდასაროვა.

        სოფლის ცენტრში აშენდა ეკლესია, ლეხარჩილეს უბანში შენდება გვარის სამლოცველო, შეკეთდა საბავშვო ბაღის შენობები, გადაიხურა სკოლა რომელებშიც ლომის წვლილი მიუძღვით ბატონებს: გ. ხარჩიულავას და გ. კვარაცხელიას. ისინი ჩუმად, უხმაუროდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებენ სოფლისთვის საჭირო საქმეს.

ცოცხალი მემატიანე სპირიდონ კვარაცხელია. მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. დაამთავრა შვიდწლედი, ზუგდიდის პედაგოგიური თექნიკუმი, მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ დირექტორად. დამსახურების გამო განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საგზური უბოძა, რის შედეგადაც წარმატებით დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. ბატონ სპირიდონის დიდი ძალისხმევით არასრული საშუალო სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, რაც მოხდა მისი ბერიასთან საუბრის შედეგად როცა იგი იმყოფებოდა სოფელ ჯგალში.ვინ იცის რამდენმა ძვირფასმა ინფორმაციამ ვერ მოაღწია ჩვენამდე, იმის გამო, რომ ჯეროვანი დაინტერესება არ გამოვიჩინეთ მომხდარი მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართ, რაც მომავალში სანანებელი გამხდარა ხოლმე. ბატონი სპირიდონი კი ცოცხალი მემატეანეა. მისი უშუალო დამსახურებით მოხდა საინტერესო ფაქტისა თუ მოვლენის ჩვენამდე მოღწევა.

 

„პატრიოტად ბავშვობიდან ყალიბდებიან“

მერაბ აკაკის ძე კვარაცხელია დაიბადა 1961 წელს სოფ. ჯგალში. 1978 წელს დაამთავრა ჯგალის საშუალო სკოლა. დამთავრებული აქვს ქ.კუიბიშევის რკინიგზის მშელებლობის ინსტიტუტი და მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მანქანათმშენებლობის“ ფაქულტეტი. 1985–87 წლებში მსახურობდა ჯარში. 1988 წელს მუშაობა დაიწყო ქ.ზუგდიდის რკინა–ბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად.

1994 წლიდან მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სამხედრო კომისარიატის მეორე ქვეგანყოფილების უფროსად, ხოლო 2000 წელს კომისრის მოადგილედ.2001–2007 წლებში კი კომისარიატის უფროსად.

რამინ სოლომონის ძე კვარაცხელია დაიბადა 1949 წელს სოფ. ჯგალში. ოცი წელი მსახურობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში, აგრეთვე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროს–გამომძიებლად.1996 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

 

ჯგალის საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული კალისტრატე სალიას.

ხელთაშუა ზღვის ქვეყნების საპატიო აკადემიკოსი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „ბედი ქართლისა“–ს რედაქტორი, სამშობლოდან გადახვეწილი, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. დიდად განათლებული და ერუდირებული პიროვნება, თავისი ფართო მეცცნიერული მოღვაწეობით ფასდაუდებელი ამაგი დასდო საქართველოს ისტორიას, ქართული კულტურის მემკვიდრეობის პროპაგანდას მსოფილო მაშტაბით.

 

ანზორ ვარლამის ძე კვარაცხელია – ჯგალის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, წარმატებით დაამთავრა პოილიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი.

1975 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1973 წლიდან ანზორ კვარაცხელიამ მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე გაიარა ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობები.

1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აქვს ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომი, ექვსი მონოგრაფისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. არჩეულია რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრად.

1987 წლიდან დიდიხნის განმავლობაში სტუ–ს თბილისის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი იყო.

ორი მეცნიერი ერთი ოჯახიდან . დიანა და დემნა კვარაცხელიები. წარმატებით დაამთავრეს სოფ. ჯგალის საჯარო სკოლა, ასევე უმაღლესი სასწავლებელი. დღეს მეცნიერებათა კანდიდატები არიან. ამჟამად ცხოვრობენ თბილისში და ეწევიან სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალ ქარტეხილს გადაუვლია ზურგზე და მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო. ერთ სული და ერთ გული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.“  

                                                                                                                                                                ი.ჭავჭავაძე

 სამეგრელო – საქართველოს ეს წარმტაცი კუთხე, ამაყი და ნიჭიერი ადამიანების სამშობლოა. ქართველი ლამაზმანების, ანუ ამორძალების ქვეყანაა.

„სამეგრელო არის ქუჯი ეგრისელის სიბრძნე, გიორგი ჭყონდიდელის მწიგნონრობა, ცოტნე დადიანის რაინდობა, კონსტანტინე გამსახურდიას ეროვნული სულისკვეთება, იოსებ ჟორდანიას კაცთმოყვარეობა, გენო ადამიას, ჟიული შარტავას და მრავალთა კურთხეული ფარი და მახვილი საქართველოსი.“

                                                                                                                                                     შ. ნიშნიანიძე

„წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოდ მესახება, მასავით დარბეული და გაძარცვული. მასსავით გაუტეხელი და მედგარი.“

                                                                                                                                ზ. გამსახურდია

 

წალენჯიხამ დიდების შარავანდებით მოსილი არაერთი პიროვნება მისცა სამშობლოს, რითაც შეუძლია იამაყოს არა მარტო მშობლიურმა კიუთხემ არამედ მთელმა საქართველომ. მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი მათი ღვაწლი, დამსახურება, მაგრამ ყველამ შესაძლოა არ იცის რომ ისინი წალენჯიხელები არიან.

ტარას კვარაცხელია. მეცნიერ–აგრარიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ლეო შენგელაია–ქიაჩელი.მეოცე საუკუნის საქართველოს დიდი პროსაიკოსი, მწერალი კლასიკოსი

 ტერენტი გრანელი–კვირკველია. მეოოცე საუკუნის დიდი პოეტი, მგლოვიარე სერაფიმი

ეგნატე ფიფია. ქირურგიის მეფე

ნიკოლოზ შენგელაია(ნ. ვაჩნაძის მეუღლე). ქართული კინეხელოვნების უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამოჩენილი კიპორეჟისორი.

 დანიელ ფიფია, საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებული პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

გუჩა კვარაცხელია. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პოეტი, დრამატურგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი .

შოთა მესხია, ნიჭიერი მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.

ილარიონ კვარაცხელია, აეროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

გური თვალთვაძე,გამოჩენელი ქართველი სეისმოლოგი, საქართველოში სეისმური ძიების მეთოდების დანერგვის ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე პროფესორი.

 უტუ მიქავა. ცნობილი გლეხთა აჯანყების მეთაური

მელიტონ ქანთარია. საბჭოთა რესპუბლიკებში ცნობილი, სამამულო ომის გმირი

გუძა შელია. დათა თუთაშხიას პროტოტიპი

ლადო ჭანტურია, პროფესორი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

პაატა ცხადაია, თსუს პროფესორი ონომატოლოგი, ენათმეცნიერი.

თემურ და თორნიკე ფიფიები.ცნობილი პოლიტიკოსები

ნუგზარ საჯაია. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი

იაშა მესხია. საქართველოს ეკონომიური აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი, პროფესორი.

ჯემალ მებონია. პროფესორი, ფიზიკოსი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.        გაზეთი „მახარია კვარაცხელია“

2.        „სამეგრელო ჩემო“

3.        კვარაცხელია – გრამიტონ კვარაცხელია

No comments:

Post a Comment